ფოლკ ჯგუფი "ჩვენებურები" შედგება 9 წევრისაგან. თითოეული მათგანი საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელია, მის წიაღში დაბადებული და გაზრდილია, რაც ჯგუფის ჟღერადობას განსაკუთრებულ კოლორიტს სძენს. ჯგუფის ყველა წევრს შეუძლია ქართული ხალხური სიმღერის სამივე ხმის შესრულება, ასევე, ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრა და ცეკვა. თითოეული "ჩვენებური" გამოირჩევა განსაკუთრებული და სახასიათო ხმის ტემბრით.
"ჩვენებურები" რეგულარულად აწყობს ფოლკლორულ ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რომლის მიზანია ფოლკლორის ზეპირსიტყვიერი, სასიმღერო და ქორეოგრაფიული ტრადიციების შენარჩუნება, მივიწყებული ნიმუშების მოძიება და აღდგენა, უნიკალური შემსრულებლების პოვნა და წარმოჩენა. ექსპედიციებს თან ახლავს ხოლმე "ჩვენებურების" კონცერტები ადგილობრივებთან ერთად.
"ჩვენებურები" ბევრს და დიდი წარმატებით მოგზაურობს საქართველოს ფარგლებს გარეთაც. დაარსებიდან დღემდე ევროპისა და აზიის არაერთ ქვეყანაში წარმოუჩენია ქართული ფოლკლორი.
"ჩვენებურების" რეპერტუარი შედგება ორი საკონცერტო პროგრამისაგან: 1. ფოლკლორული კონცერტი წმინდა ფოლკლორული ნიმუშებით. 2. თანამედროვე პროგრამა, რომელიც შედგება ჩვენებურების მიერ შექმნილი და დამუშავებული ეთნომუსიკალური კომპოზიციებისაგან.
"ჩვენებურების" ამჟამინდელი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
1. გიორგი გობეჯიშვილი - მუსიკალური ხელმძღვანელი, უკრავს ყველა ქართულ ხალხურ ინსტრუმენტზე, მღერის ზედა და შუა ხმებს, ცეკვავს. (ზემო რაჭა, სოფ. ჭიორა)
2. სოლომონ გოგაშვილი - დირექტორი, მღერის შუა ხმასა და ბანს, უკრავს ფანდურზე, ბას ფანდურსა და დოლზე. (ქიზიყი, სოფ. არბოშიკი)
3. გიორგი სახოკია - ფინანსური მენეჯერი, მღერის ძირითადად კრიმანჭულს, ასევე, ზედა და შუა ხმებს და ბანს. უკრავს ფანდურზე, ბას ფანდურზე, ჩონგურზე, ჭიბონსა და დოლზე, ცეკვავს. (სამეგრელო, სოფ. შხეფი)
4. ლევან მიქელაძე - ხმის რეჟისორი, მღერის ბანს, უკრავს როგორც ქართულ ხალხურ საკრავებზე, ასევე, თანამედროვე ინსტრუმენტებზე. (იმერეთი, სოფ. კულაში)
5. ლელა ნაყეური - მღერის ზედა და შუა ხმებს, უკრავს ფანდურზე, ბას ფანდურზე, ჩონგურსა და გარმონზე (ფშავი, სოფ. მაღაროსკარი)
6. ვლადიმერ ჩალაძე - მღერის სამივე ხმას, ცეკვავს (ზემო რაჭა, სოფ. ლაგვანთა).
7. ბაჩუკი მუკბანიანი - მღერის ბანს, ცეკვავს (ქვემო სვანეთი, სოფ. თეკალი)
8. დავით ზურაბიანი - მღერის შუა ხმასა და ბანს, უკრავს ჭუნირსა და ბას ფანდურზე ცეკვავს (ქვემო სვანეთი, სოფ. თეკალი).
9. ირაკლი აფხაიძე - მღერის შუა და ზედა ხმას, უკრავს დოლზე, დაირასა და დიპლიპიტოზე (იმერეთი, სოფ. ღვანკითი)
|