2009 წლის სექტემბრიდან ჩვენებურები ინტენსიურად მუშაობენ ზუმბასთან ერთად ახალ მუსიკალურ პროექტზე სახელწოდებით "ასტროჯორჯია", (www.astrogeorgia.com) რომელიც წარმოადგენს ე.წ. "world
music"–ს საქართველოდან.
ასტროჯორჯია შედგება 1 ხმის რეჟისორისა
და 11 მუსიკოს–შემსრულებელისაგან, (აქედან 7 წევრი ანსამბლ
ჩვენებურებიდან, ხოლო 4 – ზუმბალენდის განახლებული შემადგენლობიდან)
რომლებიც მუსიკალური პერფორმანსის დროს წარმატებით იყენებენ ქართულ
ხალხურ და თანამედროვე ინსტრუმენტებს. ესენია სიმებიანი ინსტრუმენტები:
ფანდური, ჩონგური, ბას ფანდური, ჩანგი, ჭუნირი, ელექტრო, აკუსტიკური და
ბას გიტარები. სასულე ინსტრუმენტები: ჯიბის კლარნეტი, სალამური, პილილი,
სტვირი, გუდასტვირი, ჭიბონი. კლავიშიანი ინსტრუმენტები: აკორდეონი,
სტანდარტული კლავიში. დასარტყამი ინსტრუმენტები: სტანდარტული დრამი, დოლი,
დაირა, ტარაბუკა, უდუ და სხვადასხვა პერკუსიები.
ასტროჯორჯიას შოუ მუსიკალურად ქართულ
ეთნომუსიკას ემყარება, რომელშიც ექსპერიმენტალურადაა შერეული თანამედროვე
მუსიკალური მიმდინარეობების ელემენტები, როგორიცაა: ჯაზი, ბლუზი, როკი,
რეგეი, ფანკი, ფუჟენი, კავკასიური, აღმოსავლური და აფრიკული რიტმები. ამას
გარდა წარმოდგენა მოიცავს ქართულ ავთენტურ ფოლკლორს (სიმღერას და ცეკვას)
და ქართული საბრძოლო ხელოვნების ელემენტებს.
პროექტი ძირითადად საექსპორტო ხასიათისაა და პირველი კონცერტები მაისსა და ივნისში უკვე დაგეგმილია ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში.
|